რუის ურბნისის ეპარქია
კატეგორია - ეპარქიის შესახებ
მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი)
დაბ. – 1960 25 მაისი, ყაზბეგი, სნო;
1983 - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი;
03.01.1988 - ბერად აღკვეცა;
19.01.1988 - დიაკონი;
29.02.1988 - მღვდელმონაზონი;
1989 - მცხეთის სემინარია;
21.09.1989 - იღუმენი;
1990 - არქიმანდრიტი;
17.05.1992 - მანგლელი ეპისკოპოსი;
1992-1995 - ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი;
1995-1996 - ბათუმის ეპისკოპოსი, 1996 - მთავარეპისკოპოსი;
2000 - მიტროპოლიტი რუისისა და ურბნისისა;
1996-2003 - პატრიარქის ქორეპისკოპოსი;
2003 - საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.
ურბნისისა და რუისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ - ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასლის შემდეგ დროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქია მოიცავს ქალაქებს ხაშურს, ქარელს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ურბნისისა და რუისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სამთავისისა და გორის, დასავლეთიდან მარგვეთისა და უბისის, ჩრდილოეთიდან ნიქოზისა და ცხინვალის, ჭიათურისა და საჩხერის, სამხრეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმინდა ნინოს უკავშირდება. აქ არსებული უძველესი ეპარქიები V საუკუნის ბოლოს დაფუძნდა. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-ის მიჯნაზე აუგიათ, რომელიც 13 ასურელ მამათაგანს თადეოზ სტეფანწმინდელს განუახლებია. ასურელ მამათაგან კიდევ ორი - მიქაელ ულუმბოელი და პიროს ბრეთელი მოღვაწეობდნენ ამ მხარეში. ამ მხარეშივე ჩატარებულა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის დროს რუის - ურბნისის სახელით ცნობილი დიდი საეკლესიო კრება. ეპარქიათა ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ - საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია - მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა. ეკლესის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი.


რუისის საეპისკოპოსო - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - 1984. - გვ.418
რუისის საეპისკოპოსო, ქართლის ერთ ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრა. რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი მონაწილეობდა 506 დვინის საეკლესიო კრებაზე. ეპისტოლეთა წიგნში იგი მოხსენიებულია როგორც "მარუელი". რუისის საეპისკოპოსოში შედიოდა რუისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხ-ტაშისკარამდე. აწყურის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ (XVII ს.) ხეობისა და სადგერის სოფლებიც მროველს დაექვემდებარა. 1715 წ. რუისის სამწყსოში შედიოდა 84 სოფლის 1839 კომლი. 1811 წელს რუისის საეპისკოპოსო გაუქმდა.