ყინწვისი, სოფ. ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი.
სარყის (სარკის) წმინდა გიორგის მონასტერი — მამათა მონასტერი ქარელის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის მხარეში, საქართველოში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აგებულია XVII საუკუნეში. 1997 წელს, მონასტერი აღადგინეს.
წრომის ეკლესია — ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში. მდებარეობს რკინიგზის სადგურ გომიდან 3 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის შუაგულში. აგებულია 626-635 წლებში ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით.
ურბნისის სიონი — სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი.
იტრიის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, ყოფილ სოფელ იტრიაში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. შეკეთებულია XIX საუკუნეში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო და გალავანი.
ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის დასავლეთით, მდინარე ჭერათხევის ხეობაში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი — ტაძარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის შუაგულში. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო ბალასტის კვადრები, შირიმი და აგური.